რატომ ვღებავთ კვერცხებს წითლად სააღდგომოდ?
იესო ქრისტემ ზეცად ამაღლებამდე თავისი მოწაფეები დაგზავნა დედამიწის ყოველ კუთხეში, რათა მათ ყველასათვის ეხარებინათ მისი აღდგომის შესახებ და ამით ადამიანთათვის ესწავლებინათ ის, რომ ვინც ღვთის მცნებებით და სუფთა გულით იცხოვრებს, საუკუნო სიცოცხლესაც მოიპოვებს ნეტარებაში.
საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც – ადამიანი, ვინც პირველმა იხილა აღმდგარი იესო. ისიც სხვა მოწაფეთა მსგავსად დადიოდა და ყველას ახარებდა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას.
ერთხელაც, საქადაგებლად რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. ოდესღაც მარიამი ძალიან ცნობილი პიროვნება გახლდათ და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს იმპერატორ ტიბერიუსთან. მას აღარაფერი გააჩნდა იმპერატორისათვის საჩუქრად, იესო ქრისტეს რწმენის მეტი. ამიტომ, კვერცხი გაუწოდა იმპერატორს, სიტყვებით:
– ქრისტე აღსდგა!
იმპერატორმა ეჭვით შეხედა:
– როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო? ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდეს!
სიტყვები არ დაემთავრებინა, რომ კვერცხმა გაწითლება იწყო. ამ დღიდან მოყოლებული, ადამიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს.
ეს გახლავთ ამ ქრისტიანული ჩვეულების ძირითადი ვერსია, თუმცა არსებობს კიდევ სხვა გადმოცემებიც: ერთი ანალოგიური – შვიდ იუდეველს უკავშირდება, რომლებიც საქეიფოდ შეიკრიბნენ ქრისტეს სიკვდილის შემდეგ. კერძებს შორის იყო შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხები. შუა ქეიფში ერთმა გაიხსენა ჯვარცმული და თქვა, რომ იესო უნდა აღდგეს მესამე დღეს. სახლის პატრონმა უარყო: „ის იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ამ სუფრაზე ქათამი გაცოცხლდება და კვერცხები გაწითლდება“. და უცებ კვერცხებმა შეიცვალეს ფერი და ქათამი გაცოცხლდა...
გადმოცემა მარკუს ავრელიუსის შესახებ იხსენიებს მისტიკურ მისნობას: ვითომცდა დედამისის ერთ ქათამს წითლად დაწინწკლული კვერცხი დაედოს მის დაბადებისას. ეს მომავალი იმპერატორის დაბადების წინასწარმეტყველებად ჩაითვალა. 224 წლიდან რომაელები მისალოცად უგზავნიდნენ ერთმანეთს შეღებილ კვერცხებს. ქრისტიანებმა კი გადაიღესო ეს ჩვეულება და მასში სხვა აზრი ჩადეს: წითელ ფერს განსაკუთრებული ძალა გააჩნია – კვერცხი სააღდგომო დღესასწაულის დროს წითლად არის შეღებილი ქრისტეს სისხლით.
კიდევ ერთი გადმოცემა იუწყება, რომ ჩვეულება მოდის ქალწული მარიამიდან, რომელიც პატარა იესოს გასართობად ღებავდა კვერცხებს.
დაბოლოს, კიდევ ერთი ბანალური, განმიწიერებული გადმოცემა გვამცნობს, რომ ჩვეულება ბუნებრივად უკავშირდება დიდმარხვას – ამ დროს სხვა სახსნილო პროდუქტებთან ერთად საკვებად არ გამოიყენება კვერცხიც. კვერცხები რომ საღად შენახვოდათ, ხარშავდნენ მათ, ხოლო მოუხარშავში რომ არ არეოდათ – ღებავდნენ. მალე ეს ყოფითი აუცილებლობა იქცა ტრადიციად, რომელიც თან სდევდა სააღდგომო დღესასწაულს.
Комментариев нет:
Отправить комментарий